---
title: "მუხლი 11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/11"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/11

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები (შემდგომ − ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები), რომლებსაც ხელმძღვანელობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები.

2. ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

4. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

5. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

6. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

7. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომლებისათვის.

8. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები უფლებამოსილი არიან, ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღონ საქმე და გამოსაძიებლად გადასცენ სხვა საგამოძიებო ორგანოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/12.md
