---
title: "მუხლი 58. საქმიანობის შეფასების წესი და პროცედურა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/58"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "58"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. საქმიანობის შეფასების წესი და პროცედურა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/58

1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, როგორც წესი, 2 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება შეფასებას, რომლის შედეგები არ არის საჯარო.

2. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ფასდება ამ კანონით განსაზღვრული და გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.

3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) საპროკურორო საქმიანობის/გამოძიების ხარისხის შეფასება;
ბ) პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის დატვირთვა;
გ) ხელმძღვანელის შეფასება;
დ) წახალისება და დისციპლინური სახდელი.

4. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომლის შეფასების შედეგები ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ექვემდებარება პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდას. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდაში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი ექვემდებარება რიგგარეშე შეფასებას გამოცდის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. ზედიზედ ორჯერ, შეფასების შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი შეიძლება დათხოვნილ იქნეს თანამდებობიდან.

5. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასებას ახორციელებენ გენერალური პროკურატურის უფლებამოსილი დანაყოფები.

6. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების წესსა და პროცედურებს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/59.md
