---
title: "მუხლი 68. საპარლამენტო კონტროლი — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/68"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "68"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. საპარლამენტო კონტროლი — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/68

1. პროკურატურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება პროკურატურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოსმენით.

2. პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს გენერალური პროკურორი წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 მაისისა. ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. საქართველოს გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. სხდომაზე მოწვეულ გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი. აგრეთვე, გენერალურ პროკურორს, მის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს არ შეიძლება დაუსვან კითხვა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4. გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოთხოვნის შემთხვევაში გენერალური პროკურორი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ვალდებულია ანგარიში წარმოადგინოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/67-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/69.md
