---
title: "მუხლი 3 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/3"
law: "სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4485977"
adopted: "2019-02-22"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/3

1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი. მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო მისი გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთანავე, აღნიშნული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და წესები მტკიცდება (დგინდება) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან (შემდგომ − დეპარტამენტი) წინასწარი კონსულტაციებისა და დეპარტამენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების შესაბამისად ამტკიცებს სათანადო მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს იმავე წინადადების შესაბამისად ამტკიცებს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანზე. საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნის გაფორმებასა და დიზაინს შეიმუშავებს და საკუთარი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

4. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშები დადგენილი წესით თანხმდება დეპარტამენტთან.
საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1166 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3507 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025  წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №814 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4485977-sakhelmwipo-mnishvnelobis-simboloebis-shesakheb/4.md
