---
title: "მუხლი 101. კანონის გამარტივებული წესით მიღება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/101"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "101"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101. კანონის გამარტივებული წესით მიღება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 101 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/101

1. კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, რეგლამენტის 95-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. დაუშვებელია გამარტივებული წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება.

3. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი გამარტივებული წესით განიხილება ბიუროს გადაწყვეტილების გარეშე.

4. უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალიწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს ბიუროს ან უმაღლესი საბჭოს სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

5. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/102.md
