---
title: "მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/11"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "11"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 11 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/11

1. უმაღლესი საბჭოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით:
ა) აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის იგი და მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო;
ბ) უმაღლესი საბჭოს წევრს, თუ გასულია იმ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო იგი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური თანამდებობრივი სარგო.

3. თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პირს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა და ამასთანავე, არ არის ცნობილი მისი ადგილმონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ჩაეთვლება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა კომპენსაცია აღნიშნული ვადის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/12.md
