---
title: "მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/129"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "129"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 129. თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 129 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/129

1. უმაღლესი საბჭო, კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირი უმაღლესი საბჭოს წინაშე წარსდგება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის პლენარული სხდომის დღეს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით, თანამდებობის პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 30 წუთი.

4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 წუთით, დაზუსტების უფლების გარეშე. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტით დადგენილი წესით, რის შემდეგაც თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს დადგენილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/128.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/130.md
