---
title: "მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/132"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "132"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 132. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 132 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/132

1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე წარადგენს სამოქმედო გეგმას.

2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში განიხილავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

3. უმაღლესი საბჭოს ბიუროს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების დასკვნების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. უმაღლესი საბჭო, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

6. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა უმაღლესი საბჭოს არდადეგებს ან იმ პერიოდს, როდესაც პლენარული სხდომები არ იმართება, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.

7. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში მთავრობის დამტკიცების პროცედურები მიმდინარეობს ამ მუხლის შესაბამისად.

8. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დაითხოვს უმაღლეს საბჭოს და დანიშნავს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/131-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/133.md
