---
title: "მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/134"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "134"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 134. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 134 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/134

1. უმაღლესი საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.

2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის მიღებიდან 2 დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.

3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, ყოველკვარტალურად განიხილავს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი, დარგობრივი კომიტეტები – მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, ხოლო სურვილის შემთხვევაში სხვა კომიტეტებიც. ისინი უფლებამოსილი არიან, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი. განხილვის შედეგები, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, რომელიც ცნობად იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა შეიძლება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანიც გახდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/133.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/135.md
