---
title: "მუხლი 154. რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/154"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "154"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 154. რეგლამენტის დარღვევები და სანქციები სხვა თანამდებობის პირის მიმართ — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 154 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/154

1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა.

2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:
ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;
ბ) არღვევს უმაღლესი 126-ე და 127-ე მუხლებით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ საბჭოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;
გ) უმაღლეს საბჭოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;
დ) არ ასრულებს უმაღლესი საბჭოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;
ე) დაბრკოლებებს უქმნის უმაღლესი საბჭოს წევრს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.

3. კომიტეტის ან/და პლენარულ სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის უმაღლეს საბჭოს ან უმაღლესი საბჭოს წევრს ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.

4. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ასეთ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საბჭო შესაბამისი თანამდებობის პირის (გარდა მთავრობის წევრისა) ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/153.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/155.md
