---
title: "მუხლი 90. კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/90"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი"
article: "90"
identifier: "matsne 4529420"
adopted: "2019-04-04"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. კანონპროექტის მომხსენებელი და თანამომხსენებელი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მუხლი 90 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/90

1. კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი უმაღლესი საბჭოს წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მთავრობის თავმჯდომარე, ან მის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან/და ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

2. პლენარულ სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე, მის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის თავმჯდომარის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები, ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული. ფრაქციის, კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს წევრის, მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლო ამომრჩეველთა მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი.

3. მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.

4. უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად მთავრობის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოვიდეს მის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.

5. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა გადაიდება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე, ხოლო ამ შემთხვევაშიც მომხსენებლის გამოუცხადებლობისას კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს კანონპროექტის განხილვას.

6. მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4529420-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-reglamenti/91.md
