---
title: "მუხლი 14. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, მისი უფლებამოვალეობანი — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/14"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, მისი უფლებამოვალეობანი — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/14

1. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლება აქვს:
ა) სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ „A ტიპის ინსპექტირების ორგანოს“, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის სფეროს შესახებ;
ბ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებსა და ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში აკრედიტებულ ორგანოებს;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ამ პროექტის მიზნებისათვის დაქირავებულ შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოსთან შეთანხმებით ან კვალიფიციურ პირს, რომელიც ამზადებს პროექტთან დაკავშირებით შეფასებას საპროექტო დოკუმენტაციაზე/დოკუმენტაციის ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული კვალიფიციური პირის (ექსპერტის) კანდიდატურას ითანხმებს სააგენტო და ამ შემთხვევაში, მითითებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ.ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ:
გ.ბ.ა) 5 წლის სტაჟისა − არქიტექტურული პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად;
გ.ბ.ბ) 10 წლის სტაჟისა − საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების შესადგენად;
გ.ბ.გ) 10 წლის სტაჟისა − კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად;
გ.ბ.დ) 7 წლის სტაჟისა − ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის შეფასების შესადგენად;
გ.ბ.ე) 10 წლის სტაჟისა − მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად;
დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, სააგენტოსთან შეთანხმებით;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

3. საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს არქიტექტურული პროექტის „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობის შეფასებას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით:
ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას;
ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას;
გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას;
დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას;
ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას;
ვ) მისაწვდომობის შეფასებას;
ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას;
თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას;
ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას;
კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას;
ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას;
მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 ივნისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 11.06.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №246 - ვებგვერდი, 02.08.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №273 - ვებგვერდი, 26.08.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №378 - ვებგვერდი, 25.08.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/15.md
