---
title: "მუხლი 17. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/17"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/17

1. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებენ შემდეგი სხვა ადმინისტრაციული ორგანოები:
ა) (ამოღებულია - 13.10.2022, №487);
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით;
დ) დაცული ტერიტორიებისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ე) სანაპირო ზოლში ან/და სანაპირო ზონებში – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
ე 1 ) თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 ან 300 მეტრამდე რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
ზ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
თ) გრუნტის ზედაპირიდან ან შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუძიდან არანაკლებ 25 მეტრის სიღრმეზე გვირაბის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის) ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე ისეთი შენობა-ნაგებობებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, ან/და რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათ შორის, იმ ენერგეტიკული ობიექტებისათვის, რომელთა განთავსებაც გათვალისწინებულია შემდეგ მდინარეებზე: ენგური, რიონი, ყვირილა, მტკვარი, ხრამი, თერგი, ქსანი, არაგვი, სუფსა, ბახვისწყალი, ხობისწყალი, ტეხური, ცხენისწყალი, ძირულა, ნენსკრა, კინტრიში, ჯეჯორა, ყანისწყალი, გუბაზეული, ფარავანი, სტორი, ნაკრა, ხელედულა, ჯანაული, საკაურა, ჩაქვისწყალი, წაბლარისწყალი, სამყურის წყალი, მაგანა და პირიქითა ალაზანი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზეც დაგეგმილია მშენებლობა, გარდა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დაგეგმილი შენობა-ნაგებობების მშენებლობისა;
კ) სამოქალაქო აეროდრომის მშენებლობისას, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ შესაბამისად − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო);
ლ) სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
მ) სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ნ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე/ესკიზური ნახაზის წერილობითი დადასტურების წარმოებისას − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (შემდგომში − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო). ამ შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის/ესკიზის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 09.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №487 – ვებგვერდი, 17.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №318 - ვებგვერდი, 04.10.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №550 - ვებგვერდი, 19.12.2025წ.
თავი VII
მშენებლობის განხორციელების საფუძველი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/18.md
