---
title: "მუხლი 37. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესი — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/37"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესი — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/37

1. ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს წარუდგენს სააგენტოს. სააგენტო არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“¨საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. სააგენტო ადმინისტრაციული ორგანო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესაბამისობა დადგენილ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოიტანოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სააგენტოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 17 დღისა გადაწყვეტილება წარუდგინოს ნებართვის გამცემს. დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების წარუდგენლობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემა ითვლება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად.

4. სააგენტო ვალდებულია ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემა ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.

6. თუ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით ათი წლის განმავლობაში არ იქნება გაცემული მშენებლობის ნებართვა ან/და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეცვლას, გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ითვლება ძალადაკარგულად.
თავი XI
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/38.md
