---
title: "მუხლი 38. მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/38"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/38

1. დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობის) თაობაზე;
ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით;
გ) არსებობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ე) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი;
ვ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
ზ) შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები: სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი;
თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი;
ი) ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
2 ​1 . საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისას, თუ მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერში ფიქსირდება სახელმწიფო, მშენებლობის ნებართვის მფლობელ/მაძიებელ სამინისტროს ან/და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას არ აქვს ვალდებულება, სააგენტოში წარადგინოს მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნებართვა შენობის ფასადების შეთანხმებული პროექტის გარეშე და სანებართვო პირობებით განუსაზღვროს ამ უკანასკნელის წარდგენის პირობები და ვადები, თუმცა ფასადების პროექტები წარდგენილი უნდა იქნეს შენობის ნულოვანი ეტაპის დასრულებამდე.

4. თუ ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია მშენებლობის განხორციელების დასამუშავებელი დოკუმენტების დიდ მოცულობასა და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებები ზუსტდება დაპროექტების პროცესში, ასევე, თუ ობიექტები წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს ან მათ კომპლექსებს, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სრულად დაკომპლექტებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში და სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი სააგენტოში წარდგენის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სანებართვო პირობებში განისაზღვრება ამ დოკუმენტების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს და შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციას.

5. გრუნტის ზედაპირიდან ან შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუძიდან არანაკლებ 25 მეტრ სიღრმეზე გვირაბის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის) ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობის მშენებლობის (გარდა ღია წესით მშენებლობისა) შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე.

6. ხაზობრივი ნაგებობის ან/და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების, ელექტროსადგურის ან/და ქვესადგურის მშენებლობის შემთხვევაში, შესაბამის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ობიექტად მიჩნევის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებლის მიმართვის საფუძველზე, შეიძლება გაიცეს პირობადებული მშენებლობის ნებართვა, თუ სააგენტოში წარდგენილი იქნება სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების) კოორდინატები, UTM კოორდინატთა სისტემაში და ფაილების ელექტრონული ვერსიები (*.shp) ფორმატში, რა დროსაც სანებართვო პირობებში განისაზღვრება მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს.
6 ​1 . საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისას, თუ მიწის ნაკვეთი/ნაკვეთები საჯარო რეესტრის ამონაწერში არ არის სახელმწიფო სახელზე დარეგისტრირებული და სანებართვო პირობებში განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა, მშენებლობის ნებართვის მფლობელ სამინისტროს ან/და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც სააგენტოში წარადგენს მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების მესაკუთრეებთან გაფორმებულ შეთანხმებას მიწის ნაკვეთზე/ნაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების განხორცილებისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

7. დამკვეთი სააგენტოში წარადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ექვს ეგზემპლარს და დამატებით ერთ ციფრულ ეგზემპლარს.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილება №241 - ვებგვერდი, 17.05.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/39.md
