---
title: "მუხლი 47. სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/47"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/47

1. მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტის შემდეგი ცვლილებები:
ა) შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება.
ბ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად;
გ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება არა უმეტეს 0.4 მეტრისა;
დ) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონსტრუქციული ელემენტების გადაადგილება/შეცვლა ან/და დამატება/მოკლება;
ე) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური სისტემების შეცვლა, დამატება ან მოკლება;
ვ) სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეცვლა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სხვა სამშენებლო მასალებითა და პროდუქციით;
ზ) შენობა-ნაგებობების ისეთი ნაწილების გადაადგილება/შეცვლა, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას;
თ) შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან/და მიწისქვეშა ნაწილის ჰორიზონტალური გადაადგილება გრუნტის ზედაპირთან მიმართებაში არა უმეტეს 1.0 მეტრისა;
ი) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არა უმეტეს 0.4 მეტრისა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა;
კ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური და მონოლითური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ჩაღრმავება არა უმეტეს 0.5 მეტრისა;
ლ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი ან ნაკლები ჩაღრმავება გრუნტის მყარ ნაწილამდე.
მ) ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლა, რაც არ იწვევს (ნაგებობის გაბარიტების ცვლილების მიუხედავად) საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას;
ნ) საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისას სამშენებლოდ გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების შემცირება, რომლებზეც არ განხორციელებულა სამშენებლო სამუშაოები.

2. მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში ამ მუხლით განსაზღვრული შეტანილი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს სხვა სანებართვო პირობებს და არ უნდა ლახავდეს მესამე პირთა უფლებებს.

3. სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია, შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაცია და სათანადო საექსპერტო დასკვნა წარუდგინოს სააგენტოს ცვლილების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. სააგენტოს მიერ სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილების დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. კორექტირებული პროექტი, საექსპერტო დასკვნა და შეთანხმების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს;

3¹. სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია, სამშენებლოდ გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთების კორექტირებული მონაცემები წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტოს მიერ სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილების დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით. შეთანხმების წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწილია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს.

4. სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-3 და 3 1 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განსაზღვრული ცვლილებები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურის დროს წარმოადგენს დასაშვებ ცვლილებებს და მათი დადასტურება ხდება ამ დადგენილების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/48.md
