---
title: "მუხლი 48. სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/48"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "48"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/48

1. გარდა 47-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას.

2. სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. შეცვლილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის აღების საჭიროების შემთხვევაში, მისი აღების პროცედურა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ნაწილებს, რომლებიც სამშენებლო დოკუმენტით არ ყოფილა განსაზღვრული.

4. თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, სააგენტო უფლებამოსილია, იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა. შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/49.md
