---
title: "მუხლი 67³. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზ — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/67-3"
law: "განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"
article: "67^3"
identifier: "matsne 4578118"
adopted: "2019-05-31"
consolidated_as_of: "2026-10-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67³. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზ — განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, მუხლი 67³ (consolidated as of 2026-10-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/67-3

1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოები შეიძლება, განხორციელდეს მშენებლობის ნებართვის აღებამდე, თუ არსებობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა.

2. ამ თავის მიზნებისთვის გადაუდებელ აუცილებლობად ითვლება ბუნებრივი ან ტექნოგენური გარემოება ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომლის შედეგად იმდაგვარად დაზიანდა ან ზიანდება ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტი, რამაც გამოიწვია ან გარდაუვლად გამოიწვევს ელექტროენერგეტიკული სისტემის ელემენტის იძულებით გათიშვას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების წარმოების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დადგენილების შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. მშენებლობის დამკვეთი სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ დაუყონებლივ მიმართავს სააგენტოს წერილობითი ფორმით. ამ თავის საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები არ ჩაითვლება უნებართვო მშენებლობად.

5. მშენებლობის დამკვეთი სამშენებლო სამუშაოების ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებისას ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, მშენებლობის დამკვეთი ვალდებულია, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წერილობითი მიმართვიდან 2 წლისა, უზრუნველყოს სააგენტოსთვის შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, ამ დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასების წარდგენა და ამავე დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მშენებლობა ჩაითვლება უნებართვო მშენებლობად. მშენებლობის ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №477 - ვებგვერდი, 01.10.2026წ.
თავი XX
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/67-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4578118-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektebis-mat-shoris-radiatsiuli-an-birt/68.md
