---
title: "მუხლი 9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/9"
law: "მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4596113"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება — მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/9

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკიდან და მიწის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის უპირატესი შესყიდვის უფლება მესაკუთრის მიერ ამ მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში. ამ უფლების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარ მოწონებული გეგმის საფუძველზე. იგი უნდა ემსახურებოდეს მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციას.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება ნიშნავს სახელმწიფოს უფლებას, შეიძინოს მიწის ნაკვეთი მესაკუთრისგან იმავე ფასითა და პირობებით, რომლებითაც მესაკუთრე ამ ქონების მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს, თუ აღნიშნული ფასი არ აღემატება ქონების საბაზრო ღირებულებას.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლების მიმართ გამოიყენება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი წესი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596113-miwis-miznobrivi-danishnulebis-gansazghvrisa-da-sasoplo-sameurneo-dani/10.md
