---
title: "მუხლი 10. გარდამავალი დებულებები — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/10"
law: "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
article: "10"
identifier: "4848-IIს"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. გარდამავალი დებულებები — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/10

1. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები არ აჩერებს ამავე კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვით გაცემული/შედგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის (სასამართლოს (არბიტრაჟის) აქტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას წარმოშობს) საფუძველზე, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციას.

2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის, თუ უცხოელის ან საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ან დარეგისტრირდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებაზე არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები.

3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუ საქართველოს მოქალაქეს, რომლის უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, რეგისტრირებულ უფლებაზე არ ვრცელდება უცხოელისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/11.md
