---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/3"
law: "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
article: "3"
identifier: "4848-IIს"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/3

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწა, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე;
ბ) საქართველოს მოქალაქე − საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იმავდროულად არის უცხო ქვეყნის მოქალაქე;
გ) უცხოელი – ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;
დ) დომინანტი პარტნიორი − საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორი ან პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის წილის/აქციის/პაის 50 პროცენტზე მეტი ან/და რომელიც წარმოადგენს პარტნიორების (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორების ან კომანდიტურ საზოგადოებაში კომპლემენტარების შემთხვევაში) ან დამფუძნებლების/წევრების (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში) უმრავლესობას და იმავდროულად აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე;
ე) საინვესტიციო გეგმა − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოყენების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ან/და სხვა პროდუქციის წარმოების, ინოვაციური საქმიანობების დანერგვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, საერთაშორისო, სახელმწიფოებრივი ან/და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების შესრულების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
თავი II
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/4.md
