---
title: "მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/6"
law: "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"
article: "6"
identifier: "4848-IIს"
adopted: "2019-06-25"
consolidated_as_of: "2019-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

> Text consolidated as of 2019-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2019-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/6

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადასვლის პირობით მისი უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება.

3. დაუშვებელია უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, ისეთი მოთხოვნის ან უფლების დათმობა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობას.

4. ამ მუხლით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებზე მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4596123-sasoplo-sameurneo-danishnulebis-miwis-sakutrebis-shesakheb/7.md
