---
title: "მუხლი 120. ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/120"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "120"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 120. ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 120 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/120

1. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი ვალდებულია:
ა) საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარადგინოს საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად;
ბ) თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს გარანტია, რომლის წარდგენის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას გადასაზიდ საქონელთან დაკავშირებით;
გ) შეასრულოს ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

2. ტრანზიტის პროცედურის მფლობელის ვალდებულება შესრულდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინა დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარდგენილ იქნა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე.

3. გადამზიდავი და საქონლის მიმღები, რომლებისთვისაც ცნობილია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის საფუძველზე გადაადგილდება, ვალდებული არიან საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინონ საბაჟო ორგანოს ან წარადგინონ საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/119.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/121.md
