---
title: "მუხლი 137. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/137"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "137"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 137. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 137 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/137

1. დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი რეექსპორტის განხორციელების პირობით შეიძლება შემოტანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც არ იწვევს საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

2. დროებით შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან.

3. იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხა, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხა, რომლის დროებით შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უცხოური საქონელი, რომელიც არ შედის იმპორტის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხაში.

5. დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევი საქონელი უნდა დარჩეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირის საკუთრებაში.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელი უნდა იყოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/136.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/138.md
