---
title: "მუხლი 153. სტანდარტული გაცვლის სისტემა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/153"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "153"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 153. სტანდარტული გაცვლის სისტემა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 153 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/153

1. სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა, გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომ – შემცვლელი საქონელი) ამ მუხლის მე-2−მე-6 ნაწილების შესაბამისად.

2. საბაჟო ორგანო დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დეფექტური საქონლის შესაკეთებლად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ.

3. შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს შესაკეთებელ დეფექტურ საქონელს.

4. თუ დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე იყო გამოყენებული, შემცვლელი საქონელიც გამოყენებული (მეორეული) უნდა იყოს.

5. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნიდან, თუ შემცვლელი საქონელი საწარმოო დეფექტის გამო, სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე, უსასყიდლოდ იქნა მოწოდებული.

6. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტთან დაკავშირებული ამ თავის დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემცვლელ საქონელზე.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/152.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/154.md
