---
title: "მუხლი 19. აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/19"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "19"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. აღმჭურველ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 19 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/19

1. ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აღმჭურველი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ან მასში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება:
ა) თუ აღმჭურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი რომელიმე პირობა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ სრულდებოდა ან არ სრულდება;
ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე.

2. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირთა ჯგუფის მიმართ მიღებული აღმჭურველი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელიც არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვალდებულებას.

3. აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელს უნდა ეცნობოს ამ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე ან მასში ცვლილების შეტანაზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილი. ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის კანონიერი ინტერესები მოითხოვს, საბაჟო ორგანომ აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის ძალაში შესვლისთვის უნდა დაადგინოს განსხვავებული ვადა, არაუმეტეს 1 წლისა. ეს ვადა უნდა მიეთითოს აღმჭურველი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებაში.

5. აღმჭურველი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან, ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/20.md
