---
title: "მუხლი 194. სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/194"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "194"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 194. სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 194 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/194

1. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ხელსაწყოს ან აპარატურის შემოტანა, რომელიც ფიზიკური პირის ან საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საავადმყოფოსთვის, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებისთვის ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულებისთვის არის შემოწირული. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე სამედიცინო კვლევისთვის, სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის ან სამედიცინო მკურნალობისთვის განკუთვნილი ის ხელსაწყო ან აპარატურა, რომელიც შეძენილია საავადმყოფოს, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ან სამედიცინო-კვლევითი დაწესებულების მიერ, საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ შემოწირული თანხით ან ნებაყოფლობითი შენატანებით, თუ შესრულდა ყველა შემდეგი პირობა:
ა) ხელსაწყოს ან აპარატურის შემოწირვა შემომწირველისთვის სამეწარმეო მიზნის შემცველი არ არის;
ბ) შემომწირველს არ აქვს კავშირი იმ ხელსაწყოს ან აპარატურის მწარმოებელთან, რომელზედაც შეღავათი უნდა გავრცელდეს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილ სათადარიგო და მაკომპლექტებელ ნაწილზე ან აქსესუარზე, თუ ის შემოიტანება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელსაწყოს ან/და აპარატურის ტექნიკური მომსახურებისთვის, კონტროლისთვის, დაკალიბრებისთვის ან შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, თუ ის შემოიტანება იმ ხელსაწყოსთან ან/და აპარატურასთან ერთად, რომლისთვისაც განკუთვნილია, ან თუ ის მოგვიანებით შემოიტანება და იდენტიფიცირდება, როგორც მანამდე შეღავათით შემოტანილი ხელსაწყოსთვის ან/და აპარატურისთვის განკუთვნილი.

3. ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-7−მე-12 ნაწილები შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული ხელსაწყოს ან/და აპარატურის და შემოწირულების მიმღების მიმართ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/193.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/195.md
