---
title: "მუხლი 207. სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/207"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "207"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 207. სხვადასხვა დოკუმენტისა და ნივთის შემოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 207 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/207

იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი დოკუმენტებისა და ნივთების შემოტანა:
ა) საჯარო დაწესებულებისთვის უსასყიდლოდ გამოგზავნილი დოკუმენტი;
ბ) უსასყიდლოდ გავრცელებისთვის განკუთვნილი უცხო ქვეყნის მთავრობის ან ოფიციალური საერთაშორისო ორგანოს პუბლიკაცია;
გ) არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენი, რომლის შემოტანა უცხო ქვეყნის დაწესებულების/ორგანიზაციის მიერაა ორგანიზებული;
დ) სასამართლოსთვის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებისთვის მტკიცებულების სახით ან მსგავსი მიზნით წარსადგენი ნივთი;
ე) სახელმწიფო ან საბანკო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფარგლებში გამოგზავნილი ხელმოწერის ნიმუში ან ხელმოწერასთან დაკავშირებული ნაბეჭდი ცირკულარი;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გამოგზავნილი ოფიციალური ბეჭდური მასალა;
ზ) უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის მფლობელისთვის ან ხელმომწერისთვის გამოგზავნილი, ამავე კომპანიის მიერ მომზადებული მოხსენება, ანგარიში, შენიშვნა, პროსპექტი, განაცხადის ფორმა ან სხვა დოკუმენტი;
თ) ადრესატისთვის უსასყიდლოდ გაგზავნილი ინფორმაციის გადასაცემად გამოსაყენებელი ინფორმაციის მატარებელი (პერფორირებული ბარათი, ხმის ჩანაწერი, მიკროფირი და სხვა), თუ ეს შეღავათი არ იქნება ბოროტად გამოყენებული ან ამ შეღავათით კონკურენციის წესები არ დაირღვევა;
ი) საერთაშორისო შეხვედრაზე, კონფერენციაზე ან კონგრესზე გამოყენებისთვის განკუთვნილი ფაილი, არქივი, ნაბეჭდი ბლანკი ან მსგავსი დოკუმენტი, აღნიშნული შეკრების შესახებ მომზადებული ანგარიში;
კ) უცხო ქვეყანაში შეკვეთის მისაღებად ან შესასრულებლად ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოტანილი გეგმა, ტექნიკური ნახაზი, სქემა, აღწერილობა ან მსგავსი დოკუმენტი;
ლ) უცხო ქვეყანაში დაფუძნებული დაწესებულების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩატარებულ გამოცდაში გამოსაყენებელი დოკუმენტი;
მ) საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის საერთაშორისო გადაადგილებისას ოფიციალურ დოკუმენტად გამოსაყენებელი ნაბეჭდი ბლანკი;
ნ) უცხო ქვეყნის სატრანსპორტო კომპანიის ან სასტუმრო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული ტურისტული სააგენტოსთვის გამოგზავნილი ნაბეჭდი ბლანკი, ეტიკეტი, ბილეთი ან მსგავსი დოკუმენტი;
ო) გამოყენებული ნაბეჭდი ბლანკი ან ბილეთი, კონოსამენტი, ზედნადები ან სხვა სამეწარმეო დოკუმენტი ან ოფისისთვის განკუთვნილი დოკუმენტი;
პ) უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ნაბეჭდი ბლანკი; უცხო ქვეყნის ასოციაციის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე შესაბამისი ასოციაციისთვის გასავრცელებლად გამოგზავნილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბეჭდური მასალა;
ჟ) საინფორმაციო სააგენტოსთვის ან გაზეთის ან ჟურნალის გამომცემლობისთვის გამოგზავნილი ფოტოსურათი, დიაპოზიტივი ან ფოტოსურათისთვის სტანდარტული პასპარტუ (წარწერით ან წარწერის გარეშე);
რ) უცხო ქვეყანაში გადასახდელის გადახდის ფაქტის დამადასტურებელი საგადასახადო ან მსგავსი დანიშნულების მარკა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/206.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/208.md
