---
title: "მუხლი 22. წინასწარი გადაწყვეტილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/22"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "22"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. წინასწარი გადაწყვეტილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 22 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/22

1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცეს სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება. საბაჟო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის შესახებ განცხადება წარმოებაში არ მიიღება, თუ:
ა) განცხადება წარდგენილია სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელზე ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელის მიერ ან მისი სახელით, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქონელზე და მასში მითითებულია საქონლის წარმოშობის განსაზღვრისთვის საჭირო, ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გარემოებები;
ბ) განცხადებაში არ არის მითითებული, რომელი საბაჟო პროცედურისთვის გამოიყენება აღნიშნული გადაწყვეტილება.

2. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება სასაქონლო კლასიფიკაციასთან ან საქონლის წარმოშობის განსაზღვრასთან დაკავშირებით:
ა) საბაჟო ორგანოსთვის სავალდებულოა მხოლოდ იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც ხორციელდება საბაჟო ფორმალობა აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ;
ბ) წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელისთვის შესასრულებლად სავალდებულოა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების თარიღიდან.

3. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება მოქმედებს ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში.

4. ცალკეული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას წინასწარი გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად წინასწარი გადაწყვეტილების მფლობელმა უნდა დაადასტუროს, რომ:
ა) სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში დეკლარირებული საქონელი სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელს;
ბ) საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში განსახილველი საქონელი და მისი წარმოშობის გარემოებები სრულად შეესაბამება ამ გადაწყვეტილებაში აღწერილ საქონელსა და გარემოებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/23.md
