---
title: "მუხლი 25. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/25"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "25"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/25

1. საქართველოში დაფუძნებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს მიმართოს განცხადებით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ საბაჟო ორგანო განმცხადებელს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს.

2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს ორი სახის ავტორიზაციას:
ა) ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისთვის, რომელიც, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, მის მფლობელს აძლევს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით სარგებლობის საშუალებას;
ბ) ავტორიზაცია დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რომელიც მის მფლობელს აძლევს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული შეღავათებით სარგებლობის უფლებას.

3. პირს უფლება აქვს, ერთდროულად ფლობდეს ორივე სახის ავტორიზაციას.

4. თუ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი აღიარებულია და შესრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, კონკრეტული ტიპის საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საბაჟო ორგანომ პირს უნდა მისცეს ამ გამარტივებით სარგებლობის უფლება. საბაჟო ორგანომ არ უნდა გადაამოწმოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების დროს შემოწმდა.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ავტორიზაციის სახის შესაბამისად სარგებლობს გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებებით, მათ შორის, ნაკლები ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლით.

6. საბაჟო ორგანო ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსთან დაკავშირებულ პრივილეგიებს ანიჭებს უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირს, თუ იგი ასრულებს აღნიშნული ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისთვის დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების ეკვივალენტური. აღნიშნული პრივილეგიების მინიჭება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნაცვალგების პრინციპს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორისთვის გამარტივებული საბაჟო ფორმალობები, დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეღავათები და გამარტივებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/26.md
