---
title: "მუხლი 28. კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/28"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "28"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 28 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/28

1. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი საქონლის ბრუნვის აღსაკვეთად და ამ ბრუნვაში მონაწილე პირების გამოსავლენად საბაჟო ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს ან/და სხვა კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით ან საქართველოს საბაჟო ორგანოს ან/და სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნით იყენებს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდების ფორმას, რაც გულისხმობს საბაჟო ორგანოს კონტროლის ქვეშ ზემოაღნიშნული, უკანონო ბრუნვაში მოქცეული საქონლის საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის მიმართ კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდების ფორმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსთან შეთანხმებით.

3. კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/29.md
