---
title: "მუხლი 42. შედგენილი ღირებულების მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/42"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "42"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. შედგენილი ღირებულების მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 42 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/42

1. საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
ა) საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება;
ბ) ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას მიღებული მოგებისა და გაწეული საერთო ხარჯების ოდენობა;
გ) ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის წარმოებისთვის გამოყენებული მასალების დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს:
ა) ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს;
ბ) ნებისმიერი იმ საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილით და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს შემოტანილი საქონლის წარმოებასთან და საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში შეტანილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტებისთვის შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია. ღირებულების გაანგარიშებისას ამ ნაწილში მითითებული ელემენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო ხარჯები მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვისთვის გაწეულ პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/43.md
