---
title: "მუხლი 43. სარეზერვო მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/43"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "43"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. სარეზერვო მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 43 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/43

1. თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 38-ე−42-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენებით, რომლებიც შეესაბამება:
ა) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის დებულებებს;
ბ) „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმების ზოგად პრინციპებსა და დებულებებს;
გ) ამ თავის ზოგად პრინციპებსა და დებულებებს.

2. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება:
ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;
ბ) ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე საქონლის ფასი;
გ) უცხო ქვეყანაში საექსპორტო საქონლის ფასი;
დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება;
ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულება;
ვ) საქონლის ორი ღირებულებიდან უდიდესის მიღების პრინციპი;
ზ) საქონლის წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის ამ კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად.

3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/44.md
