---
title: "მუხლი 97. საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/97"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "97"
identifier: "4905-IIს"
adopted: "2019-06-28"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 97. საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 97 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/97

1. საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად განკუთვნილ ადგილზე საქონლის მიტანა, აგრეთვე საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საქონლის მომზადება უნდა უზრუნველყოს დეკლარანტმა. ამ ქმედებებთან დაკავშირებულ ხარჯებს დეკლარანტი ანაზღაურებს.

2. დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საქონლის დათვალიერებას და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია საქონლის დასათვალიერებლად და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად დახმარების გაწევის მიზნით საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დაესწროს საქონლის დათვალიერებას და ანალიზისთვის მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.

3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის აღება, საბაჟო ორგანოს თანხმობით, შეუძლია აგრეთვე დეკლარანტს, საქონელთან ან/და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების მქონე სხვა პირს ან მის წარმომადგენელს, სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომელს, თუ ეს:
ა) არ ეწინააღმდეგება და არ ართულებს საბაჟო კონტროლს;
ბ) არ ცვლის საქონლის მახასიათებლებს.

4. თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში საბაჟო ორგანოს ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო. ამასთანავე, საბაჟო ორგანო ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სინჯის ან/და ნიმუშის სახით აღებული საქონლის ღირებულება.

5. თუ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში დეკლარანტის ინიციატივით აიღება, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი.

6. საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის/ექსპერტიზის ან გამოკვლევის შედეგები უნდა ეცნობოს დეკლარანტს ან საქონელთან დაკავშირებული უფლებამოსილების მქონე სხვა პირს ანდა მის წარმომადგენელს.

7. ანალიზის/ექსპერტიზის ან გამოკვლევის დამთავრების შემდეგ საქონლის სინჯი ან/და ნიმუში უბრუნდება მის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სინჯი ან/და ნიმუში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განადგურებას ექვემდებარება, ან მისი ნაწილი ანალიზის ან გამოკვლევის პროცესში გაიხარჯა, ან სინჯის ან/და ნიმუშის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები მის ღირებულებას აღემატება.

8. საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/96.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4598501-sakartvelos-sabazho-kodeksi/98.md
