---
title: "მუხლი 24. ბავშვის ოჯახში ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/24"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "24"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ბავშვის ოჯახში ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 24 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/24

1. ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.

2. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის პიროვნებას, აღზარდოს ბავშვი მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებით, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, მოამზადოს ბავშვი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

3. მშობელი არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდის მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

4. დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, მათ შორის, ბავშვის ქონების იმგვარად მართვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს.

5. დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/25.md
