---
title: "მუხლი 25. მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მოვალეობები ბავშვის აღზრდის სფეროში — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/25"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "25"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მოვალეობები ბავშვის აღზრდის სფეროში — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 25 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/25

1. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

2. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ბავშვი ისე აღზარდოს, რომ ბავშვი თავისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად:
ა) აცნობიერებდეს საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს და შეეძლოს მათი დამოუკიდებლად რეალიზება;
ბ) პატივისცემით ეპყრობოდეს მშობელს, ოჯახის სხვა წევრებს, მეურვეს, მინდობით აღმზრდელს, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს;
გ) პატივს სცემდეს სახელმწიფოს და მის სიმბოლოებს, იცავდეს საქართველოს კანონმდებლობას;
დ) აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას პატივი სცეს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს;
ე) აცნობიერებდეს საკუთარ უფლებას, მიიღოს დაწყებითი და საბაზო განათლება თავისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
ვ) აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, გაუფრთხილდეს ბუნებრივ გარემოს და დაიცვას ის.

3. მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მონაწილეობით განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელიც ადგენს ბავშვის სასწავლო და სხვა პროცესებში მონაწილეობისა და მის მიერ თავისუფალი დროის გამოყენების თანამიმდევრობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

4. მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ბავშვის მიმართ იყენებენ აღმზრდელობით ღონისძიებებს, მათ შორის, არიდებენ მას ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

5. მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მიმართ გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. ბავშვის ფიზიკური დასჯა დაუშვებელია.

6. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია მესამე პირის მიერ ბავშვის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული მხარდაჭერის ღონისძიების განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/26.md
