---
title: "მუხლი 35. ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/35"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "35"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლება — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 35 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/35

1. ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვით და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით.

3. ბავშვის მიერ განათლების მიღების უფლების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით სახელმწიფომ განათლების ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით უნდა უზრუნველყოს:
ა) ბავშვისთვის უფასო, ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად;
ბ) ბავშვისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, სათანადო ფინანსური მხარდაჭერით;
გ) განათლების სისტემის, საფეხურების, ფორმებისა და პროცედურების და ბავშვისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა;
დ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის სკოლაში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების პრევენციისთვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ე) განათლების ყველა საფეხურზე უახლესი სამეცნიერო და დარგობრივი ცოდნისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) განათლების ყველა საფეხურზე ბავშვის მონაწილეობის უფლების რეალიზება როგორც უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მიღებისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/36.md
