---
title: "მუხლი 44. ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/44"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "44"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 44 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/44

1. დაუშვებელია ბავშვის ფსიქიატრიული მკურნალობა ბავშვის მონაწილეობისა და მისი აზრის მოსმენის გარეშე, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

2. ბავშვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, უმოკლესი ვადით. ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას. ბავშვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა გრძელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

3. ბავშვის მიმართ მედიკამენტური ან სხვა სამედიცინო ღონისძიების გამოყენება თერაპიულ საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული სპეციალისტის მიერ შეფასებისა და დანიშვნის გარეშე.

4. სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პროცესში ბავშვის უშუალო მონაწილეობა და მისი აზრის სათანადოდ გათვალისწინება, აგრეთვე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მონაწილეობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისა და დაცვის მიზნით.

5. ბავშვს უფლება აქვს, უშუალოდ ან/და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს კონფიდენციალურ და მიუკერძოებელ ორგანოს შესაბამის დაწესებულებაში ყოფნისას მისი უფლებების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ორგანო უნდა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებისგან ან მისი ზემდგომი დაწესებულებისგან დამოუკიდებელი.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვის არანებაყოფლობით ან იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობასა და სამედიცინო კვლევას ახორციელებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/45.md
