---
title: "მუხლი 63. ბავშვის ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/63"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "63"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. ბავშვის ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვა — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 63 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/63

1. აკრძალულია ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდება, გარდა ბავშვის მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ექიმის დანიშნულებით მიღების შემთხვევებისა.

2. აკრძალულია ბავშვის მიერ შრომითი საქმიანობის ისეთ დაწესებულებაში განხორციელება, სადაც ხდება ალკოჰოლიანი სასმლის, ეროტიკული პროდუქციის, ტოქსიკური ნივთიერების, სამედიცინო მიზნით გამოყენებისთვის ნებადართული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების ან/და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია ან რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი დაწესებულება ან ღამის გასართობი დაწესებულება.

3. დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მავნე ნივთიერებების ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი მუნიციპალური სამსახური. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებს შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/64.md
