---
title: "მუხლი 69. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები — ბავშვის უფლებათა კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/69"
law: "ბავშვის უფლებათა კოდექსი"
article: "69"
identifier: "5004-Iს"
adopted: "2019-09-20"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 69. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები — ბავშვის უფლებათა კოდექსი

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 69 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/69

1. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება უზრუნველყოფს ბავშვის ყველა უფლების პატივისცემასა და ეფექტიან რეალიზებას ბავშვის მონაწილეობის, მისი საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის ღირსების პატივისცემის, უთანასწორო მოპყრობის დაუშვებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების საფუძველზე.
#
#
#
2. ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელსაც ახორციელებენ სპეციალიზებული პროფესიონალები და რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანამიმდევრული, მისი უფლებებისა და საჭიროებებისთვის მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი.

3. სახელმწიფო იღებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ და სხვა ზომას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უფლების რეალიზებისთვის ამ კოდექსის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

4. მართლმსაჯულებაზე ბავშვის უფლების რეალიზებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი გარანტიები:
ა) ბავშვისთვის ინფორმაციის, კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ადაპტირებული ფორმით ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სატელეფონო ცხელი ხაზის, ინტერნეტგვერდებისა და სოციალური მედიის სხვა საშუალებების გამოყენებით;
ბ) ბავშვზე მორგებული პროცედურები და მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველისადმი მიმართვის, ადმინისტრაციული საჩივრისა და განცხადების, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო დავებზე სასამართლოსთვის წარსადგენი სარჩელისა და განცხადების ადაპტირებული ფორმები და კომუნიკაციის საშუალებები;
გ) ბავშვის უფლება, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და მის მიერ არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების ბავშვზე მორგებული პროცედურით აღსრულება;
ე) ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის ქმედების ან გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით ან/და სასამართლო წესით გასაჩივრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ადაპტირებული მექანიზმები და პროცედურები;
ვ) ბავშვის პერსონალური მონაცემებისა და ოჯახური ცხოვრების დაცვა ადმინისტრაციული წარმოებისა და სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე.

5. ამ თავის დებულებები ვრცელდება ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებებზე, მათ შორის, საოჯახო დავებზე. სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოება წესრიგდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4613854-bavshvis-uplebata-kodeksi/70.md
