---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — მედიაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/2"
law: "მედიაციის შესახებ"
article: "2"
identifier: "4954-Iს"
adopted: "2019-09-18"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — მედიაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მედიაციის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით;
ბ) სასამართლო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შემთხვევაში;
გ) კერძო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება მხარეთა ინიციატივით, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის გარეშე;
დ) მედიაციის მონაწილეები − მედიატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები, მესამე პირი;
ე) მედიატორი − მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანახმაა, წარმართოს მედიაცია, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა;
ვ) მედიაციის მხარე − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელიც მეორე მხარესთან დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების მიზნით მონაწილეობს მედიაციის პროცესში;
ზ) მესამე პირი − პირი, რომელიც მხარე არ არის და მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს მედიაციის პროცესში;
თ) მედიაციის თაობაზე შეთანხმება − მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მათ მიერ მედიაციისათვის მიმართვის თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ი) სამედიაციო მორიგება − მედიაციის შედეგად დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების შესახებ წერილობითი დოკუმენტი, რომლის შესრულება სავალდებულოა;
ი
1
) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა;
კ) საქართველოს მედიატორთა ასოციაცია − ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ლ) მედიატორთა ერთიანი რეესტრი − საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმოებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა საერთო სია.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4646868-mediatsiis-shesakheb/3.md
