---
title: "მუხლი 12. მთავრობის თავმჯდომარე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
url: "https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/12"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია"
article: "12"
identifier: "matsne 4716521"
adopted: "1978-06-06"
consolidated_as_of: "2026-07-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. მთავრობის თავმჯდომარე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

> Text consolidated as of 2026-07-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 12 (consolidated as of 2026-07-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/12

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნასთან ერთად უმაღლესი საბჭო ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს.

4. ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს.

5. მთავრობის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

6. მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით – სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  2026 წლის 1 ივლისის კონსტიტუციური კანონი №06-რს – ვებგვერდი, 06.07.2026 წ.
თავი მეოთხე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ბიუჯეტი და ქონება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4716521-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konstitutsia/13.md
