---
title: "მუხლი 11. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/11"
law: "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4736322"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა — წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/11

1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ პირი, რომელსაც საკუთრებაში/სარგებლობაში აქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, ჩაითვლება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრად.

2. პირი, რომელიც 1 წელზე მეტი ვადით ფლობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებით, უფლებამოსილია ისარგებლოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრის უფლებებით აღნიშნული უფლებით სარგებლობის მთელი ვადის განმავლობაში.

3. პირი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სარგებლობაში ჰქონდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, პასუხისმგებელია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეწყვეტის შემდეგაც. შეუსრულებელი ვალდებულებები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე არ გადადის.

4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისთვის შესაბამისი მიმართვის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრობა შეუწყდება/შეუჩერდება:
ა) დამოუკიდებელ წყალმოსარგებლეს;
ბ) პირს, რომლიც ფლობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას;
გ) პირს, რომელიც ფლობს საძოვრის კატეგორიის მქონე მიწას;
დ) პირს, რომელსაც სახელმწიფომ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით გადასცა მიწა საინვესტიციო ვალდებულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4736322-wqalmomkhmarebelta-organizatsiebis-shesakheb/12.md
