---
title: "მუხლი 4. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა — განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/4"
law: "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 4737753"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა — განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/4

1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ნორმატიული აქტით ამტკიცებს განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. ამ გეგმას სამინისტრო 2 წელიწადში ერთხელ აახლებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

2. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა ადგენს 2030 წლისთვის განახლებადი
წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს, რომელიც მოიხმარება ტრანსპორტის, ელექტროენერგეტიკის და გათბობისა და გაგრილების სფეროებში, შესაბამისი პოლიტიკის სხვა ღონისძიებების ეფექტის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია ენერგიის საბოლოო მოხმარების ენერგოეფექტურობასთან. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმით აგრეთვე დგინდება საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების მიღწევისთვის მისაღები ადეკვატური ზომები, მათ შორის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებს შორის თანამშრომლობა, დაგეგმილი სტატისტიკური ტრანსფერები, ერთობლივი პროექტების, ბიომასის არსებული რესურსების განვითარებისა და ბიომასის ახალი რესურსების სხვადასხვაგვარი გამოყენებისთვის მობილიზების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, აგრეთვე სხვა ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს ამ კანონის მოთხოვნების შესასრულებლად.

3. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის გამოქვეყნებას მის დამტკიცებამდე 6 თვით ადრე და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის საპროგნოზო დოკუმენტის წარდგენას. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის შეფასებული, საორიენტაციო მაჩვენებელთან შედარებით ჭარბი წარმოება, რომელიც შეიძლებოდა გადასცემოდა ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელ მხარეს ან მესამე ქვეყანას ამ კანონის შესაბამისად, აგრეთვე ერთობლივი პროექტების შეფასებული პოტენციალი 2030 წლამდე;
ბ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მოთხოვნილება, რომელიც 2030 წლამდე, ეროვნული წარმოების გარდა, სხვა საშუალებით უნდა დაკმაყოფილდეს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ხარჯებთან, სარგებელსა და დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

5. სამინისტრო ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებისას შეიმუშავებს საპროგნოზო დოკუმენტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

6. თუ წინა 2 წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი ამ კანონის I დანართის  მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემულ წილზე ნაკლები იქნება, საქართველოს მთავრობამ მომდევნო წლის 30 ივნისისთვის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა წარუდგინოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესწორებული პროექტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ადეკვატური და პროპორციული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემული წილის ნიშნულთან გონივრულ ვადაში დასაბრუნებლად.

7. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტზე ან განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესწორებულ პროექტზე რეკომენდაციების გაცემის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების ადეკვატურად.

8. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი დგება განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის შესაბამისად.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7023 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4737753-ganakhlebadi-wqaroebidan-energiis-warmoebisa-da-gamoqenebis-wakhaliseb/5.md
