---
title: "მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/14"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 4738372"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2021-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2021-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/14

1. რეორგანიზებულ იქნეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“ (შემდგომ – „112“) და სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი) (შემდგომ – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი) და მათი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ბაზაზე შეიქმნას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

2. „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

3. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემისა და კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის ფუნქციები გადაეცეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და იგი კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემის მიმართულებით ჩაითვალოს სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ხოლო კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის მიმართულებით − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.

4. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში თანამდებობაზე დანიშნოს დირექტორი.

5. „112“-სა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვალონ მის მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვროს სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობით.

6. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დასაქმებული პირების ფუნქციათა ანალიზისა და მის საფუძველზე ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის განხორციელება.

7. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის გადასაცემად:
ა)  ერთობლივი ოპერაციების ცენტრზე რიცხული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას;
ბ) სამინისტროზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას.

8. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.

10. მინისტრმა:
ა) 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულება“;
ბ) 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

11. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/15.md
