---
title: "მუხლი 4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/4"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 4738372"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2021-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2021-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/4

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:
ა) გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის ჩადენის დაფიქსირებისა და მათზე სათანადო რეაგირებისთვის 24-საათიანი, უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და აღნიშნული საქმიანობის კონტროლი.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ფუნქციებია:
ა) უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანგებო სიტუაციის, დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და მასზე სათანადო რეაგირებისთვის ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება;
გ) ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 24-საათიანი, უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება;
დ) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაგეგმვა, ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკისა და რადარების დამონტაჟება/განთავსება და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკისა და რადარების დამონტაჟებისთვის/განთავსებისთვის და ექსპლუატაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
ვ) ვიდეომეთვალყურეობის შედეგად დანაშაულის ჩადენის/დანაშაულის მცდელობის ფაქტის დაფიქსირება, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენა, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება;
თ) „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და აღნიშნული საქმიანობის კონტროლი;
ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით შესაბამისი მომსახურების განხორციელება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებული საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/5.md
