---
title: "მუხლი 5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/5"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4738372"
adopted: "2019-12-19"
consolidated_as_of: "2021-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

> Text consolidated as of 2021-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2021-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/5

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასურის (შემდგომ – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომ – აბონენტი).

2. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე.

3. მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე.

4. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის  სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდევინება:
ა) სააბონენტო ნომერზე, რომელსაც ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული;
ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელსაც არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;
გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

5. ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

6. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელიც საკონტროლო‑სალარო აპარატში გამოიყენება.

7. სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში მას საფასური პორტირებამდე პერიოდისა და პორტირების შემდგომი პერიოდისთვის ცალ‑ცალკე დაერიცხება.

8. საფასურის განაკვეთი და მისი გადახდის დეტალური წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №78 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4738372-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-sajaro-samartlis-iuridiuli-pi/6.md
