---
title: "მუხლი 11. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაცია — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/11"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "11"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობის სავალდებულო ავტორიზაცია — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/11

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, კომისია ლიცენზიებს გასცემს შემდეგ საქმიანობაზე:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში:
ა.ა) ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ) ელექტროენერგიის გადაცემა;
ა.გ) ელექტროენერგიის განაწილება;
ა.დ) ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირება;
ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში:
ბ.ა) ბუნებრივი გაზის გადაცემა;
ბ.ბ) ბუნებრივი გაზის განაწილება;
ბ.გ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერირება;
ბ.დ) გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება;
ბ.ე) ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირება;
გ) წყალმომარაგება.

2. აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება კომისიის მიერ გაცემული მოქმედი ლიცენზიის გარეშე, რომელიც საწარმოს უფლებას ანიჭებს, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.

3. ლიცენზირებას არ საჭიროებს:
ა) პირის მიერ ელექტროენერგიის წარმოება მხოლოდ საკუთარი (საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო) მოხმარებისთვის, როდესაც ელექტროენერგიის როგორც წარმოების, ისე მოხმარების ობიექტი მიერთებული არ არის ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან;
ბ) ელექტროენერგიის წარმოება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს ამ კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად;
გ) ელექტროენერგიის წარმოება მცირე და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით;
დ) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელსაც, ამ კანონის 82-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი.

4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას, რომელიც ლიცენზიას არ საჭიროებს, ან რომელიც აპირებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე ამ კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/12.md
