---
title: "მუხლი 118. მნიშვნელოვანი გავლენა ენერგეტიკულ ბაზარზე — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/118"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "118"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118. მნიშვნელოვანი გავლენა ენერგეტიკულ ბაზარზე — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 118 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/118

1. საწარმო ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ მიიჩნევა, თუ იგი დამოუკიდებლად ან ერთ ან რამდენიმე საწარმოსთან შეთანხმებით იკავებს საბაზრო წილს, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს მნიშვნელოვნად. მნიშვნელოვნად მიიჩნევა ის საბაზრო წილი, რომელიც საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფს ანიჭებს ეკონომიკურ ძალაუფლებას, განახორციელოს კომერციული საქმიანობა კონკურენტებისგან, კლიენტებისგან ან/და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად. შესაბამის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო წილის ოდენობა და მისი განსაზღვრის წესი დგინდება კომისიის სამართლებრივი აქტით.

2. თუ საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ იქნება მიჩნეული ერთ-ერთი, კონკრეტული ბაზრის მიზნებისთვის, იგი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ იქნეს მიჩნეული სხვა მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ ბაზართან მიმართებითაც, თუ ამ ბაზართა ურთიერთკავშირი აღნიშნულ საწარმოს ან საწარმოთა ჯგუფს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს გავლენით ერთ-ერთ ბაზარზე მეორე ბაზარზე გავლენის გაზრდის მიზნით.

3. თუ კომისიის გადაწყვეტილებით საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი მიჩნეული იქნება ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ, იგი ასეთად ჩაითვლება მანამ, სანამ იმავე საწარმოსთან ან საწარმოთა ჯგუფთან მიმართებით კომისია სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

4. ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის არსებობის თაობაზე კომისიის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა განაპირობოს ამ კანონის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ენერგეტიკული ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომების გამოყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/117.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/119.md
