---
title: "მუხლი 120¹. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/120-1"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "120^1"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 120¹. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 120¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/120-1

1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე, ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის მეშვეობით.

2. ბაზრის მონაწილეები ვალდებული  არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული  საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.

3. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი.

4. ელექტროენერგიის ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი:
ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას  ამ კანონითა და ელექტროენერგიის  ბაზრის წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით;
ბ) აღრიცხავს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული ელექტროენერგიის  ყიდვა-გაყიდვის განაცხადების  მონაცემებს;
გ)  არეგისტრირებს  ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს;
დ) კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად.

5. ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების   პლატფორმის ადმინისტრატორს  არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობა, გარდა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებისა.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/120.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/121.md
